ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისთვის პრემიერ-მინისტრობის შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს. ივანიშვილი არც იმას ადასტურებს, რომ პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა მას უსუფაშვილმა ურჩია.
”მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ ”რესპუბლიკური პარტია” უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი. ისიც აბსოლუტური სიცრუეა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მისი აღმოჩენაა. ერთადერთს, რასაც გავიხსენებდი, არის ის, რომ როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი და შეუდგა მუშაობას, უსუფაშვილი მისით გახლდათ აღფრთოვანებული და გახარებული, რომ ის ასეთი პრემიერ-მინისტრი იყო”, -განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, როდესაც იყო კოალიცია, ”ქართულ ოცნებაში” ”რესპუბლიკელების” და უსუფაშვილის მიმართ აუტანლობა იყო და ასეთ პირობებში ის უსუფაშვილს პრემიერობას არ შესთავაზებდა.
”პარტიის ყველა წევრი აღშფოთებას გამოხატავდა ამ პარტიის მიმართ. როდესაც დავით უსუფაშვილს ”რესპუბლიკური პარტიის” დატოვებას ვთავზობდი, ვეუბნებოდი, იქნებ ამდენი დესტრუქცია აღარ იყოსთქო. მხოლოდ ამ ტიპის საუბრები მქონდა და არა პრემიერობაზე შეთავაზება. მენეჯმენტში წარმოდგენა არ აქვს უსუფაშვილს. იცის, როგორი აუტანლობა იყო ”რესპუბლიკური პარტიის” მიმართ და როგორ წარმოუდგენია, რომ ”რესპუბლიკელებისთვის” შემეთავაზებინა ქვეყნის მართვა? ამ პირობებში უსუფაშვილი თუ გახდებოდა პრემიერი, ხომ დაინგრეოდა ”ქართული ოცნება” მთლიანად და გადაირეოდა საზოგადოება? ასეთ ალოგიკურ სიცრუეს იტყვის ის კაცი, ვინც მენეჯმენტი არ იცის”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა დავით უსუფაშვილი დახურული შეხვედრიდან ინფორმაციის გატანისთვისაც გააკრიტიკა.
”დახურული შეხვედრები ქვეყნებს შორისაც კი იმართება, რომლებიც ერთმანეთთან საომარ სიტუაციაში არიან და ასეთი შეხვედრებიდან ინფორმაცია არ გამოაქვთ. მე როდესაც გავაკრიტიკე ”რესპუბლიკური პარტია”, არც ერთი შიდა ინფორმაცია არ გამომიტანია და ეს არის მიღებული ნორმა. თუ ის ამით ცდილობს ხმების მოპოვებას, ისინი საბოლოოდ განულდებიან”, – განაცხადა ივანიშვილმა.