აბრეშუმის გზის სამიტი სიანში

09/09/2016

საქართველოს დელეგაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით 5-8 სექტემბერს ჩინეთში, შანსის პროვინციის ქალაქ სიანში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებას – ,,აბრეშუმის გზის ბიზნესსამიტი და აბრეშუმის გზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – 2016“ (2016 Silk Road Business Leadership Summit and Silk road chamber of International Commerce Annual Conference) დაესწრო. ღონისძიება აბრეშუმის გზის კომერციული პალატის, ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, შანსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს და სიანის პროვინციის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა. ყოველწლიური სამიტი აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელში მდებარე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობის გააქტიურებას და ერთობლივი ახალი პროექტების გაცნობას ისახავს მიზნად.
წლევანდელი სამიტის ფარგლებში ძირითადი ღონისძიებები ჩინური ჩაისა და ქართული ღვინის უძველეს ტრადიციებს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის კუთხე მოეწყო, სადაც ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ჩატარდა. ქალაქ სიანის აბრეშუმის გზის მუზეუმში (Tang West Market Silk Road Museum) აბრეშუმის გზის ბიზნესსამიტისადმი მიძღვნილი გამოფენის ფარგლებში (Trade Fair of Classic Wine&Tea), ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.
როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის სამიტი, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი კონცეფციის – ერთი ეკონომიკური სარტყელი – ერთი გზა – ფარგლებში ყოველწლიურად იმართება.
,,წელს სამიტზე საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ჩვენ გამორჩეული კუთხე მოვაწყვეთ და სტუმრებს ქართული ღვინო წარუდგიეთ. ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება და აქტიურად იმკვიდრებს ადგილს. ამას მოწმობს ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა (2016 წლის 8 თვის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებულია 3 368 361 ბოთლი ღვინო). სამიტის ფარგლებში ქართველ მწარმოებლებსა და ჩინელ იმპორტიორებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ აბრეშუმის გზის ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავდებას შეუწყობს ხელს და პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
აბრეშუმის გზის ბიზნესსამიტში 40 ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესსექტორისა და კერძო კომპანიების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მონღოლეთსა და ვიეტნამში დავით აფციაურის განცხადებით, ქალაქი სიანი წარმოადგენს აბრეშუმის გზის საწყის წერტილს. ჩინეთის რესპუბლიკაში შანსის პროვინცია, კერძოდ ქალქი სიანი მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმების, კონფერენციების და სამიტების გამართვის სახით კუთხით გამორჩეულია. ბოლო წლების მანძილზე საქართველო ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობს.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც საქართველო წარმოდგენილია სპეციალური სტუმრის სტატუსით და შეაბამისად შემუშავებულია სპეციალური პროგრამა საქართველოს მონაწილეობით. ყველა ამ ღონისძიების ცენტრალური თემა ქართული ღვინოა. ქართული ღვინო ჩინურ ბაზარზე ძალიან ძლიერად მიაბიჯებს და იკვლევს გზას. ფორუმის ფარგლებში მოწყობლ ქართულ ექსპოზიციას არა მხოლოდ ბიზნესწრეების წარმომადგენლები სტუმრობდნენ, არამედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჟურნალისტები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის შესახებ ცობადობის ზრდას“, – აღნიშნა დავით აფციაურმა.
აბრეშუმის გზის ბიზნესსამიტზე საქართველოს დელეგაციას საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს საპარტნიორო ფონდის, საქართველოს პრეზიდენტის აპარატის, საქართველოს რკინიგზის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე აბრეშუმის გზის სავაჭრო კომერციული პალატის ვიცე-თავმჯდომარემ, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის საპატიო თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი და ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ადამ ჰუანგი წარმოადგენდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0