საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, აბასთუმანში 120 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის შენობა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. მიხეილ ჩხენკელი აბასთუმანში სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას პირადა გაეცნო. მიხეილ ჩხენკელი: „დღეს მოვინახულე აბასთუმნის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესი დავიწყეთ წელს და უკვე გაისად, აბასთუმანში გვექნება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ექნებათ ყველა პირობა იმისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება. ანალოგიური პროექტები, ახალი სკოლების მშენებლობა, არსებულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენი გუნდისთვის ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვა არის სტრატეგიული პრიორიტეტი“. პროექტის თანახმად, კეთილმოეწყობა სკოლის ეზო, დამონტაჟდება გათბობის, კანალიზაციისაა და წყალმომარაგების სისტემები. სკოლას ასევე ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტ-დარბაზი, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორია, ადმინისტრაციული და სამეურნეო ნაწილი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის – მოეწყობა პანდუსი, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. იფუნქციონირებს ცენტრალური გათბობისა და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები, ეზოში მოეწყობა სარეკრეაციო სივრცე. აბასთუმანში განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ. ახალი სკოლის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2023 წელის ნოემბერში დასრულდება. მშენებლობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით, შპს „რებილდი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 2 250 400 ლარს აღემატება. აბასთუმანში დაწყებითი სკოლა 1973 წლიდან ფუნქციონირებდა. სკოლა ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გამოყოფილ საცხოვრებელი სახლის შენობაში იყო განთავსებული. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ შენობა 1999 წელს შეიცვალა. 2004 წლიდან სკოლა საბაზო საფეხურის გახდა, ხოლო 2006 წლიდან საშუალო სკოლის სტატუსი მიიღო. აბასთუმნის საჯარო სკოლის ამჟამინდელი შენობა კერძო საკუთრებაშია. შესაბამისად, 2023 წლიდან აბასთუმანს თანამედროვე სტანდარტების ახალი საჯარო სკოლა ექნება.
აბასთუმანში 120 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
25/07/2022